„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020-ის ფარგლებში, ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსება მოიპოვა. პროექტის ძირითადი მიზანია სამეცნიერო პერსონალის მობილობის გაზრდა იმ კვლევებისთვის, რომელიც ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალი ფიზიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი – „ევროკომისიის კვლევითი გრანტი სამეცნიერო პერსონალის მობილობისთვის“, რომლის საგრანტო ბიუჯეტი 2,162 მლნ ევროს შეადგენს, საერთაშორისო კონსორციუმის მიერ იქნა წარდგენილი, რომლის ერთ-ერთი წევრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები არიან საერთაშორისო კონსორციუმში შემავალი მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრები, უნივერსიტეტები და ტექნიკურ მეციერებათა სფეროში მოქმედი კომპანიები: ბირთული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევების ორგანიზაცია (KEK), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური და დარმშტატის ტექნიკური უნივერსიტეტები, ჯეფერსონის სამეცნიერო ასოციაცია, კალიფორნიის, იელის, ბერნის, პიზის, თელავივის, გლაზგოს, ოსაკას და ტოკიოს უნივერსიტეტები, ლონდონის იმპერიალ კოლეჯი, ბერკლის ნაციონალური ლაბორატორია, პაულ შერერის ინსტიტუტი (ციურიხი), საფრანგეთის ალტერნატიული ენერგიებისა და ბირთული ენერგიის კომისია (CEA), იტალიის ბირთული კვლევების ორგანიზაცია (INFN), ბირთული ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია CAEN, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ცენტრი (CNRS).
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა სამეცნიერო პროექტმა ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსება მოიპოვა. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის საქმეში. მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან ერთად, ფიზიკის მიმართულებით წარმართული კვლევა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ამოქმედებას მომზადებული შეხვდეს, რაც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2015 წლიდან COMET-ექსპერიმენტის წევრია. სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები წარმატებით მუშაობენ ექსპერიმენტის იმ ტიპის სუბდეტექტორების სისტემებზე, როგორიცაა სტროუს ტრეკული დეტექტორები, ელექტრომაგნიტური კოლორიმეტრი და კოსმოსური მუონების ვეტო დეტექტორები. ექსპერიმენტი მიზნად ისახავს ახალი ფიზიკის კვლევას ლეპტონური არომატის დამრღვევ ფიზიკურ პროცესზე დამზერით დამუხტული ლეპტონების სექტორში. კონკრეტულად, ექსპერიმენტული აპარატურა ოპტიმიზირებულია მიონის ელექტრონში გადასვლის პროცესის დასამზერად ნეიტრინოს დაბადების გარეშე. აღნიშნული პროცესის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია სტანდარტული ფიზიკის ფარგლებში, მაგრამ დაშვებულია ახალ ფიზიკაში შედარებით მაღალი ალბათობით, სტარნდატული მოდელის მიღმა. ახალი ფიზიკა უაღრესად აქტუალური თემაა თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებაში. ბოლო წლებში, ამ მიმართულების კვლევებში სერიოზული წინსვლებია ექსპერიმენტული კუთხით. ამის თვალსაჩინო მაგალითია სტანდარტულ მოდელში ერთ-ერთი შეზღუდული პროცესის დამზერა CERN-ში. საუბარია NA62 ექპსპერიმენტზე, რომლის შედეგებიც წარმოდგენილი იყო 2020 წლის ICHEP კონფერენციაზე. ამ ფაქტმა უაღრესად დიდი რეზონანსი და ცხოველი ინტერესი გამოიწვია ისეთი ექსპერიმეტების მიმართ, რომლის დიზაინიც ოპტიმიზებულია სტანდარტული მოდელის ფიზიკაში შეზღუდული ან აკრძალული პროცესების დასამზერად. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება COMET-ექსპეტიმენტიც.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფი COMET-ექსპეტიმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტექტორული სისტემის – Cosmic Ray Vero (CRV) შექმნაზე მუშაობს, რომელმაც კოსმოსური მიონური ფონის უაღრესად დიდი სიზუსტით (99.99%) დეტექტირება უნდა უზრუნველყოს.
„მოპოვებული დაფინანსება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისთვის, ხოლო ჩვენი უნივერსიტეტის გაწევრიანება საერთაშორისო კონსორციუმში, მსოფლიოში აღიარებულ ტექნიკური მიმართულების უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან ერთად, უდავოდ მიუთითებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალ სამეცნიერო შესაძლებლობებზე. Horizon 2020-ის ფარგლებში, ევროკომიის კვლევითი გრანტის მოპოვება საკვალიფიკაციო დაბალბიუჯეტიანი პროექტის განხორციელების მცდელობაა, რაც წარმატებით დასრულდა. საერთაშორისო კონსორციუმი შედგა და მომზადდა წინაპირობა მორიგ, მაღალბიუჯეტიან სამეცნიერო პროექტებზე სამუშაოდ, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიურ განვითარებაზე“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროექტის შექმნის იდეა დაიბადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა თბილიში 2019 წელს და რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიო რეიტინგის პირველი ასეულში შემავალი არაერთი უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები. ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის თაოსნობით ჩატარდა საინიციატივო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა, შეიქმნა Horizon 2020-ის საგრანტო პროექტზე მომუშავე ჯგუფი და სამოქმედო გეგმა შედგა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწორედ ეს წამოწყება იქცა საერთაშორისო კონსორციუმად, საგრანტო პროექტმა კი უმაღლესი შეფასება მიიღო და 2020 წლის სექტემბერში ევროკომისიის დაფინანსება მოიპოვა.