საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ახალი ემბლემები ექნებათ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ახალი ემბლემები ექნებათ.
ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოაწერა ხელი და ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
თავდაცვის სამინისტროს სრული ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ფარს შემოუყვება მეწამული არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელ ზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და „თავდაცვის სამინისტრო“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. ფარს წარმოადგენენ ოქროს ფასკუნჯები (გრიფი) ზეაღმართული ვერცხლისპირიანი ოქროსვადიანი ხმლით, რომლებიც აღმართულან ვერცხლის სადევიზე ბაფთაზე. ბაფთაზე სევადით გამოსახულია დევიზი: „სამშობლო, ღირსება, ერთგულება!“. ბაფთის ბოლოებზე ორი მეწამული შვიდქიმიანი ვარსკვლავია და ბაფთის სარჩული მეწამული ფერისაა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სრული ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ზურმუხტის ველზე
ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ცენტრში მცირე ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ქვევიდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ აღმართული
ვერცხლის ხმალი და დაშვებული, მარცხნიდან მარჯვნივ ვერცხლის შურდული. გარს შემოუყვება ზურმუხტის არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და „თავდაცვის ძალები“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. ფარს წარმოადგენენ ოქროს ფასკუნჯები (გრიფი) ზეაღმართული ვერცხლისპირიანი ოქროსვადიანი ხმლით, რომლებიც აღმართულან ვერცხლის სადევიზე ბაფთაზე. ბაფთაზე სევადით გამოსახულია დევიზი: „სამშობლო, ღირსება, ერთგულება!“ ბაფთის ბოლოებზე ორი მეწამული შვიდქიმიანი ვარსკვლავია და ბაფთის სარჩული მეწამული ფერისაა.
16 დეკემბერს ამოქმედებული ახალი კონსტიტუცია თავდაცვის სფეროში რეფორმებს ითვალისწინებს. კონსტიტუციაში ტერმინი „საქართველოს სამხედრო ძალები“ და „საქართველოს შეიარაღებული ძალები“ – „საქართველოს თავდაცვის ძალებით“ შეიცვალა, ხოლო „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის“ თანამდებობა – „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის“ თანამდებობით.