საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ჟილვინას ტომკუსს შეხვდა.

თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ლიეტუველ კოლეგას მტკიცე პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს.

განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში ლიეტუვის მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა და თავდაცვის ატაშე დონატას რუპშუსი დაესწრნენ.