ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-8 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, სწავლების დაწყება მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ოფიციალურად ჩაერთო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP). მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი აღნიშნულ სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გაივლის.
„ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე საბრძოლო სროლებსა და წვრთნების მენეჯმენტს დაეუფლებიან. ბატალიონს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრთან ერთად ამერიკის არმიის ინსტრუქტორები მოამზადებენ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა მზადყოფნის პროგრამაში ჩართვამდე, ექვსთვიანი წინამოსამზადებელი სწავლება სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიარა. სწავლება 2021 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.