საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიუნხენში ორმხრივი შეხვედრები გამართა
თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები, – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ეს მნიშვნელოვანი საკითხები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განიხილა.
თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, იზორიამ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანთან გევინ უილიამსონ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე გაამახვილა.
ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყებამ 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა და ბრიტანელი ექსპერტების დახმარებითა და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით წელს ახალი სტრატეგიის შემუშავება იგეგმება.
„ლატვიის თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან შეხვედრაზე საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ძირითადი – შესყიდვების ინიციატივის განხორციელების წარმატებული დინამიკა და ლატვიის მხარის აქტიური მხარდაჭერა.
საბრძოლო მომზადების ცენტრის შემდგომი განვითარება და როტაციული პრინციპის საფუძველზე საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტი სწავლებების ჩატარება იყო ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან შეხვედრის მთავარი თემები.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე და გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.