საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ვიდეოკონფერენცია გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ვიდეო-ტელეკონფერენცია გამართა ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ჯონ მანზასთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ელჩი ბეტინა კადენბახი, ნატო-ს თავდაცვის ინსტიტუტებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორატის დირექტორი მარკ დი პაოლო, ხოლო ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ირაკლი ჭიჭინაძე და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე.
მხარეების მიერ აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, საქართველო და ნატო განაგრძობენ აქტიურ სამხედრო-პოლიტიკურ დიალოგს, რაც ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს წარმოაჩენს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის და ნატოს სტანდარტებით განვითარების მიმდინარე პროცესი, სამხედრო ოპერაციებში ჩართულობა და ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში პირველად და წარმატებით ჩატარებული ნატოს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” გადასროლისწინა მომზადების სამხედრო წვრთნების მნიშვნელობა.
ნატო-ს მხარემ, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისათვის და ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც დასაყრდენი და საიმედო პარტნიორის როლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისა და განახლების პროცესიც და აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებულად წარმატებული საქმიანობა ამ მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვა პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები, შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალური თემები და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.