საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა პარტნიორი თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.
შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.
„რამშტაინში დაინიშნა კიდევ ერთი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც არის აშშ-ის მიერ ორგანიზებული. ჩვენ დავესწარით ამ შეხვედრას. შეხვედრაზე განხილული იყო როგორც მიმდინარე პროცესი, მიმდინარე ვითარება უკრაინაში, ასევე განხილული იყო პოტენციური რისკები და შემდგომი პოტენციური განვითარება ამ ომის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.