პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ჩიქოვანი შეხვდა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს.
ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამმხრივ და ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა მიმდინარე წელს დაგეგმილი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალის საქართველოში ჩასატარებლად მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების ფართო სპექტრზე, მათ შორის სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილი“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.