საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში მიმდინარე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს სამმხრივ ფორმატში შეხვდა.
„მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. სამმხრივ მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც.
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.
ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უწყება აგრძელებს თავდაცვის სისტემის რეფორმირებასა და განვითარებას, მუშაობს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, აუმჯობესებს ინსტიტუციურ გარემოს და სხვა ძირითად მიმართულებებს.
ეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს თურქეთის მხარემ წელს ქალაქ კაისერში უმასპინძლა. თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.