საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს
22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას დაბადების დღეა. დღეს მას 52 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში მდებარე საფლავი გვირგვინით შეამკეს.
გმირის საფლავთან იმყოფებოდნენ ზაზა დამენიას ოჯახის წევრები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც.
საქართველოს ეროვნული გმირი, კაპრალი ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. ის 1992 წლიდან საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა, იბრძოდა აფხაზეთში. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს კაპრალმა ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. საქართველოს ეროვნული გმირი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა და თანამებრძოლები სიკვდილისგან იხსნა.
ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.