საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღისთვის რეპეტიცია გაიარეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღისთვის რეპეტიცია გაიარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
„საზეიმო ღონისძიებებში სამხედრო კომპონენტს განსაკუთრებული ადგილი აქვს. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მთავარი ღონისძიების რეპეტიცია გაიარეს. მზადების პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გაეცნენ.
ღონისძიების გეგმას გაეცნენ თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები; სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები და სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ასევე ეროვნული გვარდიის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები.
რეპეტიცია გაიარეს ახალწვეულებმაც, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ. ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, სტეფანწმინდაში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, მესტიაში, ამბროლაურში, სამტრედიაში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქსა და მარნეულში მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.