საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი ხელმძღვანელობს.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი. შეხვედრაზე პაველ დობროჯეიმ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ პოლიციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის წარმატებულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მედალი გადასცა.
მათივე ინფორმაციით, მთავარი კომენდანტის მოადგილემ და ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინეს პოლონეთის მხარის მიერ საქართველოში მოვლინებული პოლიციის პირველი მეკავშირე ოფიცერი, რაფალ ვეგილი.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი პოლონეთის უპირობო მხარდაჭერას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა ორ უწყებას შორის არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება პოლონეთში მივლენილი საქართველოს პოლიციის ატაშეს, გიორგი გამსახურდიას უშუალო და აქტიური ჩართულობით. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.