საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასამდე სამხედრო მოსამსახურე შეემატა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება დღეს გორის ციხეზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა და მათ ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.
მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ქურთიაშვილი, მიხეილ კაცოვენკო და რომან მიქაძე პირველ ქვეით ბრიგადის საშტაბო ასეულში სანიმუშო სამსახურისთვის ქართული ხმლებით დააჯილდოვა, სადაც მისი ავტოგრაფია გამოსახული.
სამინისტროს ცნობით, გიორგი ქურთიაშვილმა უმაღლესი განათლება პრაღაში მიიღო, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახური გადაწყვიტა. გიორგი ქურთიაშვილი პროფესიით ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტია და ის ოთხ უცხო ენას ფლობს.
თავდაცვის მინისტრტმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა წვევამდელთა სისტემის პირობების გაუმჯობესებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, ჯარში მიღებულ განათლების ხარისხზე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინტეგრაციაზე პროფესიულ ჯართან.
წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები, შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ფიცის დადებამდე წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარეს, რომელიც საბრძოლო მომზადების დონით იდენტურია იმ მომზადებისა რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. დღეიდან ისინი პირველ ქვეით ბრიგადაში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ, სადაც სავალდებულო სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.