საქართველოს სავიზო პროცედურებს ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეები არღვევენ
საქართველოს სავიზო პროცედურებს ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეები არღვევენ. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები.
დეკემბერში ირანის მოქალაქეების მიერ სავიზო რეჟიმის 214 დარღვევა დაფიქსირდა. ჩინეთის მოქალაქეების შემთხვევაში ასეთი 88 ფაქტი გამოვლინდა. სავიზო რეჟიმის დარღვევა ფიქსირდება ინდოეთის (17), რუსეთის (17), თურქეთის (15), აზერბაიჯანის (14), სომხეთის (14) და ერაყის (9) მოქალაქეების მიერ.
სავიზო მოთხოვნების დარღვევებით ირანის მოქალაქეები ლიდერობდნენ წინა თვეებშიც. ოქტომბერში ასეთი 158 ფაქტი გამოვლინდა, ნოემბერში კი 159.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ირანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 45 დღით შეუძლიათ. ცოტა ხნის წინ ირანის ელჩმა განაცხადა, რომ 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლოა, გადაიხედოს და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული ცალკეული პროცედურები დაზუსტდეს.