მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიებს, ჩვენი დიდი წუხილის მიუხედავად, ეს ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომ ინვესტირებას, – ამის შესახებ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.
„აზარტული კომპანიების მიერ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სასპონსორო აქტივობები და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა, თუ სპორტსმენების განვითარებას. აზარტული თამაშების ბიზნესოპერატორების სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, იყო ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობა და სათამაშო ბიზნესის კომპანიების იმიჯის ამაღლებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრებით ფინანსდებოდა თითქმის ყველა სპორტული მიმართულება, სპორტული გუნდი, თუ სპორტსმენი. აზარტული თამაშების კომპანიები აფინანსებენ, როგორც დამწყებ, ასევე წარმატებულ სპორტსმენებს. აღნიშნული ხელს უწყობდა საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენას მსოფლიო არენაზე.
გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიებს, ჩვენი დიდი წუხილის მიუხედავად, ეს ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომ ინვესტირებას. სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე, რაც ნეგატიურად აისახება თავად სპორტის განვითარებაზე. ასევე, დარგს მოუწევს შეამციროს ან უარი თქვას სპორტულ ტრანსლაციებზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ მოგიწვიეთ სპორტის წარმომადგენლები, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი აღნიშნული მოვლენების გარშემო, გაგიზიაროთ ჩვენი მომავალი ნაბიჯები. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩვენთვისაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა არანაირი გზა, მოვქცეულიყავით სხვაგვარად“, – აღნიშნულია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებაში.