საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება განხორციელდა
საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება განხორციელდა

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან (Nominals) ინტეგრირება განხორციელდა, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს უკვე აქვთ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზის პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა.

მათვე ინფორმაციით, აქამდე სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს მხოლოდ ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრულ ბაზასთან (SLTD) და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზასთან (SMV) ჰქონდათ პირდაპირი წვდომა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდა სემინარი თემაზე – „ინტერპოლის საინფორმაციო ბაზასთან ელექტრონული კავშირის შესახებ“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა სასაზღვრო გამშვების პუნქტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სემინარს ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან მოწვეული ექსპერტი ბოჟიდარ პოპოვიჩი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი მეზვრიშვილი უძღვებოდნენ.