საქართველოს საპატრიარქოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდნენ
საქართველოს საპატრიარქოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგსა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შორის შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმსახურებს იშვიათად ეძლევათ შესვლისა და ღვთისმსახურების შესრულების შესაძლებლობა, რაც უნდა გამოსწორდეს.
ბატონი ერიკ ჰოგი დაინტერესდა აღნიშნულ რეგიონებში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობით და ასევე გამოთქვა მზაობა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული პირების გათავისუფლების საქმეში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.