საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, 17 მაისს სახალხო მსვლელობა გაიმართება
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა შედგება რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.
„მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარასკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს. იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალაობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ამასთან, ჟურნალისტებმა პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველს კითხვა დაუსვეს, არსებობს თუ არა გარანტია, თავიდან იყოს ცილებული ის ვითარება, რაც 2013 წლის 17 მაისს შეიქმნა.
„ძალიან გთხოვთ, რომ ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც 2013 წელს უკავშირდება, ნუ განვაზოგადებთ და ამის გამო ნუ შევქმნით მოსალოდნელ შიშებს. შეიძლება, გაუგებრობა მოხდეს, შეიძლება – არა. ამიტომ, ჩვენ ასეთი გარანტიის მიცემა არ შეგვიძლია. ეკლესიის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან მსვლელობას. რა თქმა უნდა, ვემიჯნებით მსგავს გამოვლინებებს, თუ ვინმეს მხრიდან იქნება ეს. დანარჩენი – სახელმწიფოში არსებობს მართლმსაჯულება და სახელმწიფო იზრუნებს წესრიგის დამყარებაზე“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.