საქართველოს საპატრიარქო - მღვდელმთავრებმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად შეაფასეს
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრაზე მღვდელმთავრებმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად შეაფასეს.
მათივე ცნობით, მღვდელმთავრებმა ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირების ქმედებებს დესტრუქციული უწოდეს და შეაფასეს, როგორც საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა და ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხი.
„8 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავართა შეხვედრა გაიმართა. მღვდელმთავრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. მათი თქმით, შეხვედრა, ძირითადად, განხილვა-შეფასებითი ხასიათის იყო და მოსაზრებები შეაჯერეს.
პირველ რიგში, მღვდელმთავრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად და აბსოლუტურად კანონიერ ქმედებად შეაფასეს.
ამასთან, მათ ასევე იმსჯელეს ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირების დესტრუქციული ქმედებების თაობაზე, მათი მხრიდან მმართველი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფისა და დაუმორჩილებლობის შესახებ. მღვდელმთავრებმა აღნიშნული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად შეაფასეს, როგორც უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკისა და ამბოხი ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ.
მათ მოუწოდეს იმ სასულიერო პირებს, ვინც მეუფე სტეფანესგან მიიღო სხვადასხვა ეპიტიმია, დაემორჩილონ და შეასრულონ მღვდელმთავრის მითითებსა და გადაწყვეტილებებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ სააპელაციო წერილი აქვთ გაგზავნილი საპატრიარქოში. აღნიშნულ წერილს წმინდა სინოდი განიხილავს და სწორედ ამ აპელაციის შედეგს უნდა დაელოდონ სასულიერო პირები. მღვდელმთავართა თქმით, აპელაციის შედეგის დადგომამდე ისინი ვალდებული არიან, დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებებსა და კურთხევებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელმთავარათა შეკრების პარალელურად, საპატრიარქოს შენობის მიმდებარედ პატრიარქისა და ეკლესიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს მათი მობილიზება ეკლესიამ მოახდინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს საპატრიარქოს არ მოუწოდებია მოსახლეობისთვის რაიმე სახის მობილიზებისა და საპატრიარქოს გარშემო შეკრების შესახებ. ამ ადამიანებმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს, მოსულიყვნენ და მხარდაჭერა გამოეხატათ ეკლესიისადმი. თავის მხრივ კი, საქართველოს საპატრიარქომ მათ სთხოვა, მაქსიმალურად მშვიდობიანად წარემართათ თავიანთი შეკრება“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.