საქართველოს საპატრიარქო - გიორგი დანელიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი დროის ხელოვნების ისტორიაში
საქართველოს საპატრიარქო კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების ფაქტს განცხადებით ეხმიანება.
„ბატონმა გიორგი დანელიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი დროის ხელოვნების ისტორიაში. მართალია, მან მთელი ცხოვრება რუსეთში გაატარა და თავისი ნაღვაწი ამ ქვეყანაში შექმნა, მაგრამ სამშობლოს განცდა მას მუდამ თან სდევდა.
ის ურთიერთობები, ის ატმოსფერო, რასაც მის ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს. ამიტომ, ითვლება ის რუს და ქართველ კინორეჟისორად. უფრო მეტიც, მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ქვეყნის, ყველა ეროვნების წარმომადგენელი თავისთვის ახლობელ გარემოს ნახულობს, რაც სიკეთისა და სიყვარულის, ერთგულების და ამასთან, ადამიანური სისუსტეების სევდანარევი ღიმილით წარმოაჩენს ხელოვანს, რაც მას თავისთავად მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს. დღეს ბატონი გიორგის სული მარადიული ცხოვრების გზის დასაწყისშია.აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისი მსვლელობა ცათა სასუფევლისკენ იყოს მშვიდობიანი და დაიმკვიდროს ადგილი ღვთის საუფლოში”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.