საქართველოს საპატრიარქო - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ
საქართველოს საპატრიარქო არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პატრიარქის პასუხს ავრცელებს.
„ა.წ. 5 მარტს, საღამოს, მივიღეთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პასუხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გაიგზავნა“, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.
უცვლელად გთავაზობთ რუსეთის პატრიარქის პასუხის ტექსტს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„უწმნინდეს და უნეტარეს ილია ΙΙ–ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს
უწმინდესო და უნეტარესო,
უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!
გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.
პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.
ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე“, – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ამასთან, საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.
„დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს“, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.