ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს ამზადებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს ამზადებს.
ირაკლი კობახიძე დღეს, პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
კობახიძის ცნობით, ანგარიშში აისახება ყველაფერი ის, რაც არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.
„რა თქმა უნდა, საუბარი იქნება საარჩევნო საკითხებზე და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ანგარიშში ყველა თემა იქნება ასახული. საუბარი ყველა ამ თემაზე გვქონდა. ინფორმაცია და ხედვები გავცვალეთ თითოეულ თემასთან დაკავშირებით. მომხსენებლებმა გამოთქვეს კმაყოფილება და დადებითად შეაფასეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. ეს იყო პირველი თემა, რაზეც დეტალურად საუბარი გვქონდა. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი იმ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. კერძოდ, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური სტატუსის მქონე პირებს. ჩვენ მომხსენებელს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ. საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის შედეგებს ანგარიშში ვიხილავთ, რომელიც მომხსენებლის მიერ მომზადდება“, – განაცხადა კობახიძემ.