საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნიდერლანდების სამეფოში დიასპორული საერთაშორისო პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნიდერლანდების სამეფოში დიასპორული საერთაშორისო პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი ჭიჭინაძის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ქვარაიას შემადგენლობით, ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის – „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის – სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატები მიესალმნენ პროექტის მონაწილეებს და ისაუბრეს დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებისა და უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში.

გახსნითი ღონისძიების ფარგლებში გალაკონცერტი და გამოფენა გაიმართა.

„ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორები ნიდერლანდებში არსებული „ქართული კულტურის ცენტრი“ და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ არიან, მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეებმა და დიასპორულმა ორგანიზაციებმა.

გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციები და სტუმრები საქართველოდან: გერმანული „ვოისის“ (German Voice) გამარჯვებული ნათია თოდუა; ნიუ-იორკში არსებული პირველი ქართული კულტურის ცენტრის პედაგოგები და აღსაზრდელები, ბელგიის ანტვერპენის წმ. ნინოს ეკლესიასთან არსებული საბავშვო თეატრი – „ჩვენ დავბრუნდებით“; ბელგიის ქართული კულტურის ცენტრის კავკასიონის ანსამბლი – „მედეა“; ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტები გიორგი კალმახელიძე და ნინო ჭყონია, ემიგრანტთა ბაღის „ფესვების“ დამფუძნებელი, ლია ნაროუშვილი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პარლამენტის წევრებმა შეხვედრები გამართეს პროექტში მონაწილე უცხოეთში მოქმედ ქართულ კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო წრეების, ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლებთან და დიასპორელ ახალგაზრდებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ქართულ დიასპორაში კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.