საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტ კარლ გერშმანს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანის, ასევე იუესაიდ-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილეს, ალექს სოკოლოვსკის და ვაშინგტონში არსებული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში გატარებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის ისეთ სფეროში როგორიც არის მართლმსაჯულება, ასევე საარჩევნო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უახლოეს მომავალში OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასევე, ყურადღება დაეთმო რეგიონში და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ საპასუხოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.
ამასთან, შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.
„პოზიტიური და საინტერესო შეხვედრა იყო, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მეგობრებს ვხვდებით. ვსაუბრობთ იმ მიღწევებზე, გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. 2020 ძალიან საინტერესო წელი იქნება, ამიტომ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებაზე, რომლებზეც კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტთან, კარლ გერშმანთან შეხვედრის შემდეგ.
დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული.
„განვიხილეთ საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. გვქონდა საუბარი ჩვენს თანამშრომლობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც დემოკრატიის ეროვნული ფონდი ასრულებს საქართველოში. ისინი აფინანსებენ არაერთ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ ვითანამშრომლოთ და ეს ინტერესი გამოიხატა კიდევ ერთხელ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტის მხრიდანაც. დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.