საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 20-21 თებერვალს გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰოფბურგის სასახლეში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ მუდმივმოქმედი და სამი გენერალური კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომებში მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა პირველად უხელმძღვანელებს.
ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების 300-მდე პარლამენტარი ეუთო-ს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე – უსაფრთხოების გამოწვევებზე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, მიგრაციის, ეკონომიკის და გენდერულ საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ.
ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, საქართველოს პარლამენტიდან დაესწრებიან დელეგაციის ხელმძღვანელი კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი.