საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტები და მისი გაღრმავების შესაძლებლობები.
„მათ კითხვები ჰქონდათ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ზოგადად, რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის აგრესია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ზოგადად, რეგიონზე. ასევე ისინი დაინტერესდნენ, საქართველოს როლით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტით, მათ ჩვენ ჩვენი ხედვა გავაცანით მშვიდობიანი კავკასიის თაობაზე. საუბარი იყო ასევე ვაჭრობის საკითხებზე, შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე ვისაუბრეთ ბრიტანეთში არსებული ფაზების კრიზისზე, ენერგო კრიზისზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. საკითხების ძალიან ფართო სპექტრი იყო განხილული შეხვედრის ფარგლებში“, – განაცხადა სამხარაძემ.
თავის მხრივ, როგორც ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰარიეტ ბოლდიუნმა განაცხადა, შეხვედრაზე ბრიტანეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მეგობრობა ქართველ კოლეგებთან.
„გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია მოხარული იყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მეგობრობა ჩვენს ქართველ კოლეგებთან. ასევე დავრწმუნდით, რომ ქართველ კოლეგებს ესმით, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დგას ქართველი და უკრაინელი მეგობრების გვერდით ამ რთულ დროს“, – განაცხადა ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.