საქართველოს სან-ტომე და პრინსიპის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს სან-ტომე და პრინსიპის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სან-ტომე და პრინსიპის რესპუბლიკის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურთან.

ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და მოინახულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს.

ვიზიტის ფარგლებში, ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო მოინახულებს საქართველოს კულტურულ ღირშესანიშნაობებს და ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ჯვრის სამონასტრო კომპლექსსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს.

სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში 15 ნოემბერს დასრულდება.