საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, წარმატებული 2018 წლის შემდეგ, უკვე დაიწყო სამზადისი 2019 წლის მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის. 2019 წელს საქართველოს სამბისტთა ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპულ თამაშებზე მედლებისთვის ბრძოლა იქნება, რომელსაც მინსკი 21-30 ივნისს უმასპინძლებს. რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით წარსდგება, აქედან კაცებს შორის 9 ქართველი სამბისტი იქნება, ქალებში კი 4 სპორტსმენი გამოვა. ბოლო შედეგიანი ტურნირი საქართველოს სამბოს ეროვნულ ნაკრებს თებერვლის ბოლოს ბელარუსში ჰქონდა. მინსკში გამართულ შეჯიბრზე საქართველოს სამბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა 10 მედალი მოიპოვა. აქედან 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოსი იყო.