საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური დანამატის ოდენობა შესაძლოა, პლენუმმა განსაზღვროს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობა შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსაზღვროს.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანია.
გიორგი კახიანი კანონპროექტის მომზადების მიზეზად ასახელებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის დანამატის მიღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები საქართველოს კანონით განისაზღვრება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანამატის თაობაზე სხვა ჩანაწერს კანონი არ შეიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, წინამდებარე კანონში საუბარია დანამატების ოდენობის განსაზღვრაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან მიმართებაში, დანამატის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ვერ გავრცელდება, შესაბამისად, მათთვის დანამატის მიღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება, რომელიც 17:00 საათზეა ჩანიშნული.