საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიანი, მაგრამ გამოთქვამენ შეშფოთებას პროცესის მიმართ, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატების სია შეადგინა.

შესაბამისი განცხადება ტიტუს კორლეციანი და კლოდ კერნი თბილისში ვიზიტის დასასრულს ავრცელებენ. მათი თქმით, უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესში არსებული ხარვეზები აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის, ეუთო-ს და სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებში.

„მათ შორის საუბარია მკაფიო და ერთიანი კრიტერიუმების არარსებობაზე – კანდიდატების შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებული უფლებები, კანდიდატების მოკლე ნუსხა და საბოლოოდ კანდიდატების არჩევა, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით. თანამომხსენებლები ასევე აღნიშნავენ, რომ კითხვები გაჩნდა ზოგიერთი კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია, ასევე შემაშფოთებელია მკაფიო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გამოთქმული ბრალდებებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათვე თქმით, ყველა ამ ხარვეზის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად რომ გაეთვალისწინებინა.

„კერძოდ, საუბარია ფარულ კენჭისყრაზე, ერთიან კრიტერიუმებსა და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს რეკომენდაციები სწრაფად იქნება გათვალისწინებული და ამოქმედებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ყველა დანიშვნისა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე“, – აცხადებენ ევროსაბჭოს თანამომხსენებლები.

მათვე თქმით, უზენაესი მოსამართლეების არჩევა დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხდება, რაც მათი შეფასებით, „უნიკალური შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაცაა“.

„პარლამენტმა უნდა ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე გასაუბრება კანდიდატებთან, რაც დაფუძნებული იქნება ერთიან კრიტერიუმებზე და უნდა იყოს მიღებული კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, რადგან კითხვები გაჩნდა მოსამართლეობის კანდიდატების კავალიფიკაციასთან დაკავშირებით, პარლამენტმა უნდა დანიშნოს მინიმალური რაოდენობით მოსამართლე, რაც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის. დარჩენილი ვაკანტური ადგილები კი უნდა შეივსოს კანდიდატთა ახალ სიაზე დაყრდნობით, რომელსაც სათანადოდ შეადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უმჯობესია, თუ ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება და იქნება გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე საუბრისას, ევროსაბჭოს თანამომხსენებლები, მიესალმნენ რეფორმების მეოთხე ტალღის პროექტზე მომუშავე ჯგუფის მიერ მიღწეულ შეთანხმებას და იმედი გამოთქვეს, რომ რეფორმებს სწრაფად დაამტკიცებენ პარლამენტში.

მომხსენებლები კიდევ ერთხელ გამოთქვეს კმაყოფილება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო და მიესალმნენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზნით დაწყებულ სამუშაოს, რაც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებთან თანხვედრაშია.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთი საკითხი, რომელშიც ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი, მაგალითად სიძულვილის ენა, არის ძალიან კომპლექსური და სენსიტიური. ჩვენ ვურჩევთ მთავრობას ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებამდე მოითხოვონ ვენეციის კომისიის მოსაზრება.“ – აცხადებენ თანამომხსენებელბი.

ამასთან ერთად, ევროსაბჭოს მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების, მათ შორის ძალადობის და ზეწოლის შემთხვევების, სრულად და გამჭვირვალედ გამოძიება.

ვიზიტის დროს თანამომხსენებლები ასევე მიესალმნენ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საპარლამენტო ზედამხედველობის განმტკიცების კუთხით.

თანამომხსენებლები ყურადღებას ამახვილებენ „ბორდერიზაციის“ პროცესის გააქტიურებაზე, რომლიც მათი თქმით, „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს გასცდა“ და აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის მცოცავი ოკუპაცია გრძელდება.

განცხადებაში კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.