საქართველოს სახელმწიფოსა და „ყაზტრანსგაზს“ შორის საარბიტრაჟო დავაზე მორიგების შეთანხმება სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაფორმდება
საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „ყაზტრანსგაზს“ შორის საარბიტრაჟო დავაზე მორიგების შეთანხმება სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაფორმდება. ამის შესახებ პირველ არხს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მორიგების პროცესში ვალის ჩამოწერასა ან რამე ვალდებულებაზე საუბარი არ არის.
„2018 წლის 27 აგვისტოს, მთავრობის N1707 განკარგულებით იუსტიციის სამინისტროს დაევალა, დაასრულოს „ყაზტრანსგაზთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები დავის მორიგებით დასრულების შესახებ, ხოლო 2018 წლის 6 სექტემბრის მთავრობის N1777 განკარგულებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მორიგების შეთანხმების გაფორმებისა და იუსტიციის სამინისტროსთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. იუსტიციის სამინისტრო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აწარმოებს მორიგების შესახებ მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, რომ ის მიმდინარე თვის ბოლომდე, სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ დასრულდება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ყაზტრანსგაზსა“ და საქართველოს სახელმწიფოს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე მორიგების პროცესში ვალის ჩამოწერასა, ან რაიმე ვალდებულებაზე საუბარი არ არის“ , – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
სს „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 2017 წლის 7 აპრილს უჩივლა. არბიტრაჟი ჰააგაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად მიმდინარეობს.
„ყაზტრანსგაზის“ მტკიცებით, დაირღვა 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ 1996 წელს გაფორმებული შეთანხმებისა და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვდა არაპირდაპირი ექსპროპრიაციისა და სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის დარღვევის ფაქტის დადგენას და მიყენებული ზიანის სახით 187 902 597 აშშ დოლარის ანაზღაურებას.
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ დაკავშირებული მთავრობის განკარგულებებიდან ირკვევა, რომ კომპანიის შესყიდვით ოფშორებში რეგისტრირებული კომპანია Waltbay LTD არის დაინტერესებული. ამ ფონზე, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა, არსებული დავალიანებებისგან გათავისუფლდეს. კერძოდ, საუბარია დავალიანებაზე ფინანსთა სამინისტროს წინაშე -96 684 000 ლარი, ასევე სს „ყაზტრანსგაზის“ და Intergas Finance BV-ს წინაშე – 133 739 035 აშშ დოლარი.