საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა.
სუს-ის ცნობით, სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად, როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისთვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა, რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით.
შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.
აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია. ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.