„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ კანონის პროექტზე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია იმსჯელებს
საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, ერთ ორგანულ კანონში ერთიანდება. დაგეგმილია კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების მოწყობა. უკვე შექმნილია რვა წევრისგან შემდგარი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება დღეს, 3 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ავტორები და ინიციატორები პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით განსაზღვრული ის რეგულაციები, რომლებიც ეხება საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის აღწერილობას, ერთიანდება ერთ საკანონმდებლო აქტში. ამავე საკანონმდებლო აქტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის საკითხებს.
„საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, როგორც სახელმწიფო სიმბოლოები, დადგენილია ორგანული კანონით და მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დადგენილი წესით. შესაბამისად, ხდება საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გაერთიანება ერთ ორგანულ კანონში „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც დაადგენს სახელმწიფო სიმბოლოების აღწერილობას“- აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტში.