საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრება იგეგმება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრება იგეგმება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

მოქმედი კანონმდებლობით, სასაზღვრო ზონაში შესვლის, ცხოვრების ან რეგისტრაციის წესის დარღვევაზე, პასუხისმგებლობის სახედ ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. ცვლილებებით კი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს – ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას – გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი, ობიექტების მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის, სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 50 ლარის ოდენობით. ასევე პროექტით, იურიდიული პირი ამ ქმედებისთვის დაჯარიმდება – 200 ლარის ოდენობით, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 300 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევად განისაზღვრება საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების, ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება, რისთვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

„კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საზღვრის დაცვის რიგი ობიექტებისა და საზღვრის დაცვის საშუალებების (ფოტოხაფანგები, სენსორები და სხვა) განლაგების ადგილების ფარულობა წარმოადგენს სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების (არალეგალური მიგრაცია, კონტრაბანდა და ა.შ.) აღმოჩენის და მასზე მყისიერი რეაგირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. შესაბამისად, მათი მდებარეობების გადაღება მაღალ რისკის შემცველია სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.