საქართველოს სახელმწიფო ხარჯების, ფინანსური ანგარიშვალდებულებისა (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა.
შეფასების ანგარიშები, რომლებიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თხოვნითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა, ახდენენ ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიკაციას PEFA მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიაში.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კატალინ გერმანმა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, თამარ ვაშაკიძემ.
PEFA ანგარიში, რომელიც ცენტრალური მთავრობის საჯარო ფინანსების სისტემების ეფექტიანობას აფასებს, თავიდან საქართველოს მთავრობის თვითშეფასებას წარმოადგენდა და მოგვიანებით დადასტურდა მსოფლიო ბანკის მიერ. გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვა (GRPFM) კი შეფასდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ და მისი მიმოხილვა ასევე მსოფლიო ბანკმა განახორციელა. ეს ღონისძიებები ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული ეკონომიკური მართვისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემების გასაძლიერებლად, ფისკალური მდგრადობის ამაღლების და მომსახურების გაწევის მიზნით.
2022 წლის PEFA შეფასება აჩვენებს, რომ საჯარო ფინანსების მართვის სისტემები საქართველოში ძლიერია და ბოლო, 2018 წლის შეფასების შემდგომ გაუმჯობესებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ბიუჯეტის მთლიან ხარჯებზე, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა საჯარო ფინანსების განვითარების, განკარგვის, მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით. 2022 წლის PEFA-ს გლობალური ანგარიშის მონაცემების მიხედვით, საქართველომ შეინარჩუნა პირველობა და ამასთან ერთად, საკუთარი შედეგები გააუმჯობესა იმ 59 ქვეყანასთან შედარებით, რომლებმაც PEFA-ს 2016 წლის მეთოდოლოგია გამოიყენეს.
PEFA შეფასების ძირითადი აქცენტებია:
- 2022 წელს 31 ინდიკატორიდან 27 გაუმჯობესდა ან შენარჩუნებულ იქნა 2018 წლის PEFA შეფასების დონეზე;
- კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახლახან არსებითად შეიცვალა და თავსებადი გახდა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან;
- მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი პროცედურებში შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის შესახებ;
- გაიზარდა ფინანსების მართვის მხარდაჭერა ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის;
- არსებობს ინფორმაციის დიდი მოცულობა ცენტრალური მთავრობის საბიუჯეტო უწყებების ფინანსებთან დაკავშირებით;
- ინფორმაციის შეტანა ბიუჯეტში დროულად წარმოებს;
- სახელმწიფო ინვესტიციების მართვაში დანერგილია ყოვლისმომცველი და ინკლუზიური პროცესი;
- შემუშავდა და დამტკიცდა ვალის მართვის სტრატეგია, რომელიც განამტკიცებს ფოკუსირებას ვალის მართვაზე;
- პროგრესი მიღწეულ იქნა ყოვლისმომცველი საშუალოვადიანი ხარჯების ჩარჩოს მიმართულებით პროგრამაზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავების საფუძველზე, შედეგებზე დამყარებული მიდგომისთვის;
- არსებობს ეფექტური საბიუჯეტო კალენდარი, რომელიც საბიუჯეტო დაწესებულებებს აძლევს ადეკვატურ დროს თავისი ბიუჯეტების მოსამზადებლად. ასევე არსებობს კანონმდებლობა დეტალური შემოწმების განსახორციელებლად;
- შიდა აუდიტის ფუნქციამ გააუმჯობესა დაფარვა და, ფაქტობრივად, უკვე ყველა საბიუჯეტო ერთეულშია წარმოდგენილი;
- რეაგირება მოხდა სუსტ მხარეებზე, რომლებიც წინა შეფასებისას გამოვლინდა შესყიდვების სისტემაში კონკურენტული სატენდერო პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით საჩივრებთან და დავის პროცესთან დაკავშირებით, რამაც დადებითი გავლენა იქონია მომსახურების მიწოდების ეფექტიანობაზე.
გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასება ფინანსთა სამინისტროს მიერ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შეფასება 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდში ჩატარდა. PEFA-ს გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვა (GRPFM) ცხრა ინდიკატორის ნაკრებს წარმოადგენს, რომლებიც GRPFM პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ემსახურება. ამ შეფასების მიზანია ინფორმაციის შეკრება PEFA GRPFM ჩარჩოს ინდიკატორების შესაბამისად, თუ რა ხარისხით არის საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის (PFM) სისტემა გენდერზე ორიენტირებული. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის შეფასება განხორციელდა საქართველოში და საბაზისო საფუძველს ქმნის მომავალი შეფასებებისთვის.
GRPFM შეფასების ძირითადი მიგნებებია:
- PEFA ინდიკატორების უმეტესობამ, რომლებიც საჯარო ფინანსების მართვის ინსტრუმენტებს ეხება გენდერული თანასწორობის მხარდაჭერასთან და ხელშეწყობასთან დაკავშირებით, A შეფასება (უმაღლესი ქულა) მიიღო. ეს შესაძლებელს ხდის გენდერული პერსპექტივის ინტეგრაციას საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში. თუმცა, 9 GRPFM ინდიკატორიდან 6 საჭიროებს გაუმჯობესებას გენდერული მოსაზრებებიდან გამომდინარე;
- საქართველომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს გენდერზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი საბიუჯეტო ჩარჩო (GRB);
- საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ფინანსების მართვის შესახებ საჭიროებს გენდერის განზომილების გაცილებით პროაქტიურ ინტეგრაციას;
- გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავება მოითხოვს შესაძლებლობების გაძლიერებას საჯარო მოხელეებს შორის და კოორდინაციის და ანგარიშვალდებულების მექანიზმების განმტკიცებას გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო ჩარჩოს რეფორმის განსახორციელებლად საქართველოში;
- არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი საქართველოს მთავრობისთვის გენდერზე ორიენტაციის გასაძლიერებლად საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში. ისეთი რეფორმები, როგორებიცაა ფისკალური გამჭვირვალობა, საშუალოვადიანი ბიუჯეტის შემუშავების ჩარჩოები და სახელმწიფო ინვესტიციების მართვა მყარ საფუძველს იძლევა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო ჩარჩოს რეფორმა საშუალო ვადიან პერიოდში;
- საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს საჯარო ფინანსების მართვის ახალი სტრატეგიის შემუშავება შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ინტეგრაციისთვის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფართო დღის წესრიგში.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.