საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის საკითხი ერთი კანონით დარეგულირდება
საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის საკითხი ერთი კანონით დარეგულირდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით შემუშავდა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომელიც თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
როგორც გიორგი კახიანმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის მიზეზი საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებია.
„ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, როგორც სახელმწიფო სიმბოლოები, დადგენილია ორგანული კანონით და მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დადგენილი წესით. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გაერთიანება ხდება ერთ ორგანულ კანონში „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც დაადგენს სახელმწიფო სიმბოლოების აღწერილობას“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამ კანონპროექტის მიღების პარალელურად, ძალადაკარგულად გამოცხადდება მოქმედი კანონები „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“, ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“.
საქართველოს სახელწიფო გერბის, დროშისა და ჰიმნის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესებთან დაკავშირებული რეგულაციები კი განისაზღვრება ცალკე საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, კანონით „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, რომლიც წარმოდგენილია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად, ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით.
აღნიშნული ცვლილებების გარდა, კომიტეტმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა.