საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიები 8 აპრილს აღდგომის დღესასწაულს იზეიმებენ
საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიები 8 აპრილს აღდგომის დღესასწაულს იზეიმებენ

საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს 22:00 საათზე ღვთისმსახურებას აღავლენენ. ღამისთევის დროს სახარებიდან ქრისტეს ცხოვრების შესაბამის ეპიზოდებს წაიკითხავენ.

„ეს კვირა არის მძიმე კვირა. ამ დღეებში გვაქვს ინტენსიური ლოცვა და ღვთისმსახურებები. დიდ ხუთშაბათს ჩავატარეთ საიდუმლო სერობის რიტუალი. ვკითხულობთ იმ ადგილებს, რომლებიც შეეხება საიდუმლო სერობას და ვცდილობთ გავიაროთ ის გზა, რომელიც გაიარა უფალმა. პარასკევს, იესოს ჯვარცმის დღეს გვქონდა მარხვა და ვილოცეთ. შაბათს, ანუ დღევანდელ დღეს, გვექნება ღამის მსახურება ანუ ღამისთევა. გავივლით ასევე იმ გზას, რაც განიცადა იესომ ჯვარცმის შემდეგ, დაკრძალვის შემდეგ და იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაში იყო მაშინ სამყარო, რადგან არ ჰქონდა პასუხი, რა მოხდებოდა ამ დაკრძალვის მერე.

00:00 საათზე ჩვენ მრევლს ქრისტეს აღდგომას მივულოცავთ ცნობილი ფრაზით „ქრისტე აღსდგა“, მივულოცავთ ერთმანეთს. სიმბოლურად კვერცხებს ვაჩუქებთ ერთმანეთს და პასკებს გავჭრით.

ხვალ, კვირას ასევე გვექნება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება დღის 12:00 საათზე.

ქადაგების დროს, ძირითად ადგილს იკავებს და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღვთის სიტყვას, რომ სანახაობა არ სჭარბობდეს იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს თვითონ ქრისტეს აღდგომასა და ღვთის ტანჯვას“, – განაცხადა ეპისკოპოსმა ლევან ახალმოსულიშვილმა.