საქართველოს საგარეო უწყებაში კონკრეტულად არ პასუხობენ კითხვას, იგეგმება თუ არა სერგეი ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკრეტულად არ პასუხობენ კითხვას, იგეგმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს, მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში არიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან.
„საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება“,- განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.