საქართველოს საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეთა რიცხოვნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ. სამწუხაროდ, ცალკეული პირები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.
საკონსულო მომსახურების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: აღნიშნული ვებგვერდი ამოქმედდა 2015 წელს. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებ-გვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.
შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ცესკო-ს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები.
სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცედურების და წესების შესახებ მოსახლეობის ობიექტური ინფორმირების ნაცვლად, ცალკეული პირები განაგრძობენ ამ თემით მანიპულირებას და შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი თანამემამულეები, რის შესახებაც საგარეო უწყება დამატებით განცხადებას გააკეთებს“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.