საქართველოს საგარეო უწყება საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის ნავთობის ეროვნული კომპანია Saudi Aramco-ს კუთვნილ უმსხვილეს ნავთობტერმინალსა და ნავთობის გადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო უწყება გმობს 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობის კომპლექსებზე თავდასხმას.
„საქართველოს საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ მიუღებელია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც დაპირისპირების ესკალაციას უწყობს ხელს და უარყოფითად აისახება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.