საგარეო უწყება - ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია
საგარეო უწყება - ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუმისთვის ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგ მოქალაქეობაზე დადებული ე.წ. შეთანხმების სარატიფიკაციოდ წარდგენის საკითხს ეხმაურება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

„რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯს და ჰიბრიდულ ინსტრუმენტს. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას, და ერთიანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის დაგმობასა და ზოგადად, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარი ნარჩემაშვილის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ხელშეკრულებას 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი და მასში აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.