საქართველოს საგარეო უწყება - ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია და ორ პარტნიორ ქვეყანას შორის პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ არის მიმართული
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც უამრავ უზუსტობებს შეიცავს.
საუბარია აზერბაიჯანულ პორტალ„ჰაქინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს „12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში სერბეთიდან სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნები საქართველოს გავლით მოხვდა“. გამოცემა აგრეთვე წერს, რომ „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმავე დღეებში სომხეთში რუსეთიდან „კამაზის“ მარკის, საომარი აღჭურვილობით დატვირთული მანქანებიც შევიდნენ, რომლებიც სომხეთში ასევე საქართველოს გავლით მოხვდნენ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ.
„სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოს და სერიოზული ინტერნეტგამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება.
ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.