საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს, რომ უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. ამის შესახებ საგარეო უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს.
უკრაინაში, კიევის ოლქში სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილთა დაჯგუფება დააკავეს.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის კიევის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს საქართველოს საელჩო.
დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრების სახლზე შეიარაღებული თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდნენ. სპეცოპერაციის ჩატარების დროს ისინი შეიარაღებულები იყვნენ.
ამასთან, როგორც კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, სამი ნიღბიანი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა, სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ. დაკავებულთა ასაკი 33, 41 და 45 წელია. მათ უკრაინაში ბინადრობის უფლება ჰქონდათ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება.