საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს, რომ თურქულ მხარესთან უხანის პროვინციიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ თურქულ მხარესთან უხანის პროვინციიდან საქართველოს მოქალაქეების თურქული თვითმფრინავით ევაკუაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული თვითმფრინავი უხანიდან 50-მდე მგზავრს წამოიყვანს, რომელთა შორის საქართველოს შვიდი მოქალაქეც იქნება.
„გიდასტურებთ, რომ თურქეთთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა, რომ ამ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის თურქულ მხარესთან. მან ასევე განმარტა, რომ უხანში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.