პოლონელი ექიმის ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა.
პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც, სავარაუდოდ, კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას ცდილობდა.
პოლონელ დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს, სამინისტროში პოლონეთის ელჩი იყო დაბარებული, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.
პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამავე დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს.