საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორული პროგრამები წარადგინა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ეს პროგრამებია: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა და საგრანტო კონკურსი – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.
ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობის განვითარება.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. მისი ამოცანაა „ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.
როგორც ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და მათ მიერ კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სხვა ინიციატივების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.
სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.
ამასთან, დაიწყო დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის 2021 წლის შესარჩევი კონკური. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გახსნილად გამოაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.
საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.
საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.
ამასთან, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საგრანტო კონკურსის „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, ისე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 89 ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოქმედებს. საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 150 000 ლარს. კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს კი გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა.
კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე.