საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში.
მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ მხრივ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და სურვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლოს საქართველოში.
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხიდების ხეივნის გვირგვინით შემკობის ცერემონიით და ეროვნული ლიდერის ჰეიდარ აილიევის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.