საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ერთა ლიგის D დივიზიონის მეორე ტურში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
ერთა ლიგაზე ყაზახეთთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ტურნირის მეორე შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.
ვლადიმირ ვაისმა „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გუნდი არასრული შემადგენლობით ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ყაზახეთთან შეხვედრაში დასვენებული ან შეცვლაზე ნათამაშები ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს.
გულშემატკივარს საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა www.tkt.ge-ზე და „დინამო არენას“ სალაროებში შეუძლია.
საქართველო-ლატვიის მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.