საქართველოს საელჩოებმა სლოვაკეთსა და ჩეხეთში საქართველოს მოქალაქეები დროებითი საცხოვრებლითა და პროდუქტებით უზრუნველყვეს
სლოვაკეთსა და ჩეხეთში, საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კორონავირუსის გავრცელების გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოში გამომგზავრების შესაძლებლობას დროებით მოკლებული საქართველოს მოქალაქეები, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საცხოვრებლით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს.
მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ცნობით, სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ, სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულების მხარდაჭერით, უზრუნველყო საქართველოს 24 მოქალაქის (რომელთაც გაუუქმდათ 22 მარტს ვენა-თბილისის რეისზე მგზავრობის ბილეთები) დროებითი დაბინავება და მათი მომარაგება საჭირო საკვებითა და აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო სლოვაკეთიდან ვენის მიმართულებით არ ხორციელდება საერთაშორისო რეისი, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარა სლოვაკეთიდან ვენის (ავსტრია) აეროპორტამდე გადაადგილებაში.
ჩეხეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქეები მოათავსა დროებით საცხოვრებელში, მიაწოდა საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები. ასევე, საჭიროების შესაბამისად, მოქალაქეები საელჩოს მიერ უზრუნველყოფილნი იყვნენ აუცილებელი მედიკამენტებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის ხარჯებს საქართველოს საელჩოები საკუთარი სახსრებით და საპატიო კონსულების ფინანსური მხარდაჭერით ანაზღაურებენ. სულ, სლოვაკეთსა და ჩეხეთში დახმარება გაეწია რამდენიმე ათეულ საქართველოს მოქალაქეს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება.