საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ინფორმაციას ავრცელებს
საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ინფორმაციას ავრცელებს.
„როგორც იცით, საფრანგეთში 9 ივნისიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, მათ შორისაა მგზავრობასთან დაკავშირებული რეგულაციები. სანიტარული მაჩვენებლების შესაბამისად, განისაზღვრა ქვეყნების სამი კატეგორია: „მწვანე“ ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება კორონავირუსის აქტიური გავრცელება (ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, სინგაპური), „ნარინჯისფერი“ ქვეყნები, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და სადაც არ ფიქსირდება ვირუსის განსაკუთრებით მძიმე სახეობები (ქვეყნები, რომლების არც მწვანე ზონაში არიან და არც წითელში); „წითელი“ ქვეყნები, სადაც ვირუსი და მათ შორის, მისი განსაკუთრებით მძიმე სახეობები, აქტიურად ვრცელდება (სამხრეთ აფრიკა, ბაჰრეინი, არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ინდოეთი, ნეპალი, პაკისტანი, შრი-ლანკა, სურინამი, თურქეთი, ურუგვაი).
თუ თქვენ, საფრანგეთში „მწვანე“ ქვეყნიდან მოემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ აცრა, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის წარდგენა აღარ დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ აცრა არ გაქვთ გაკეთებული, კვლავ დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პისიარტესტის ნეგატიური პასუხი. საფრანგეთიდან „მწვანე“ ქვეყანაში გამგზავრებისას, კი უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციები.
თუ საფრანგეთში „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან მოემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, დაგჭირდებათ მხოლოდ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პისიარტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, საფრანგეთში შემოსვლის იმპერატიულ მიზეზთან ერთად, დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პისიარტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია. თუ საფრანგეთიდან „ნარინჯისფერ“ ზონაში მიემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ ვაქცინა, ითვალისწინებთ მხოლოდ დანიშნულების ქვეყნის რეგულაციებს. ვაქცინაცია თუ არ გაქვთ ჩატარებული, გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ იმპერატიული მიზეზის მითითება, ასევე დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა.
საფრანგეთში თუ მოემგზავრებით „წითელი“ ზონის ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, გაკეთებული გაქვთ თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა წარმოადგინოთ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელი, შესაბამისი იმპერატიული მიზეზი, ასევე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი. მოგიწევთ, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია. თუ არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, ამ შემთხვევაში, ომპერატიულ მიზეზთან და ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, მოგიწევთ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.